Sunday, January 27, 2013

ზოგადი ცნობები 


კლიმატი
       მაისიდან მოყოლებული რომში საკმაოდ ცხელა, კარგ პერიოდად მაისი და ივნისი ითვლება, ხავერდოვან სეზონად კისექტემბერი და ოქტომბერი. არნახული სიცხეები ივლისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ტემპერატურა ხანდახან 45 გრადუსსაც აღემატება. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ ზაფხულში რომის ქუჩებს დაცარიელებულს ნახავთ.
       დეკემბერი საკმაოდ თბილია, რასაც ზამთრის დანარჩენ თვეებზე ვერ ვიტყვით. წვიმები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად მოდის, ხოლო თოვლი იშვიათობას წარმოადგენს


ენა
 უძველესი დროიდან მოყოლებული, იტალიური იტალიელების ოფიციალური ენაა. იტალიელებს უცხო ენების შესწავლის საოცარი უნარი რომ აქვთ, იქიდანაც ჩანს, რომ ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანი კარგად ფლობს ინგლისურს. საერთაშორისო ენის შემდეგ ყველაზე პოპულარული გერმანული და ფრანგულია


გადაადგილება

რომს ორი აეროპორტი ემსახურება. რომისა და სრულიად იტალიის უდიდესი აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა, თუმცა რომის სამხრეთდასავლეთით, ფიუმიჩინოს კომუნაში მდებარეობის გამო მას ხშირად ფიუმიჩინოს აეროპორტსაც უწოდებენ. ქალაქის ცენტრამდე მატარებლით ნახევარ საათში ჩახვალთ, რომელიც ყოველ 40 წუთში ერთხელ დადის და 9,50 ევრო ღირს.

რომის უძველესი, ჩიამპინოს აეროპორტი სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულებისაა. ის ქალაქის სამხრეთაღმოსავლეთით, ჩიამპინოს უბანშია აგებული. ცენტრამდე მისასვლელად ჯერავტობუსით, შემდეგ კი მეტროთი მგზავრობა მოგიწევთ. ორივე ერთად სულ 3 ევრო დაგიჯდებათ.

მეზობელი ქვეყნებიდან რომში მატარებლით, ავტობუსით, მანქანით ან სულაც გემით ჩახვალთ. გაითვალისწინეთ, რომ გემით ლაციოს რეგიონში მოხვდებით, 10–15 წუთში კი მატარებლით რომის ცენტრამდე ჩააღწევთ.

რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ამისათვის უამრავი სატრანსპორტო საშუალებაა გამოყოფილი. თუ რომში 3 დღეზე მეტხანს აპირებთ დარჩენას, მაშინ გირჩევთ, .. რომა პასის ბარათები შეიძინოთ, რომლის ღირებულება 24 ევროა. რომა პასით მუზეუმებში შესვლას უფასოდ შეძლებთ, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბილეთი წინასწარ უნდა შეიძინოთ და მათი ფასები თითქმის ერთნაირია.

ავტობუსები ყოველთვის გადაჭედილია. ავტობუსით მგზავრობას რომში ღამითაც შეძლებთ. მეტროს დაკეტვის (23:30 საათი) შემდეგ ღამის ავტობუსები იწყებენ მუშაობას.

მანქანისა და ველოსიპედების დასაქირავებლად განკუთვნილი სააგენტოები ყოველ ნაბიჯზეა. მანქანის დაქირავებას არ გირჩევთ, რადგან ქალაქი საგზაო ნიშნების სიმცირეს განიცდის და ყოველთვის ქაოტური მოძრაობაა. ველოსიპედისტებისათვის კი სპეციალური ტრასებია გამოყოფილი. ერთი დღით ველოსიპედის დაქირავებას 40–50 ევროდ შეძლებთ….



სამზარეულო

იტალიელებისათვის ეროვნული საზარეულო ხელოვნების ნიმუშია. ღვინო და ყველი იტალიური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. იტალიელები მართლაც რომ გემრიელ და განსხვავებულ კერძებს ამზადებენ. პირველ რიგში, გირჩევთ, პიცერიას ესტუმროთ და ნამდვილი იტალიური პიცა გასინჯოთ. რისოტო, არანჩინი, პოლენტა და სხვა საფირმო კერძები დაუვიწყარ გემოს დაგიტოვებთ. ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია სპაგეტი "ალა კარბონარა", რომელიც კვერცხითა და ყველით მზადდება. როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი გურმანი რომს "კალცონეს" – დატენილი პიცისდასაგემოვნებლად სტუმრობს. ეს გახლავთ ხაჭაპურის მსგავსი, პიცის ცომითა და მოცარელას ყველით დამზადებული საჭმელი. ყველის ნაცვლად შეიძლება იყოს ხორცი ან ბოსტნეული. სენდვიჩის ზომის "კალცონეს" ხშირად ქუჩის ჯიხურებიდან ყიდიან, ვინაიდან მისი ჭამა ადვილია ზეზეურად ან სიარულის დროს.

რომში 200–მდე სახეობის ყველსა და 300 სახეობის სოსისს შეხვდებით.

იტალიური ღვინო მსოფლის ნებისმიერ ქვეყანაში კარგად ნაცნობია. იტალიელები ნებისმიერ კერძთან ერთად შესაფერის ღვინოს მიირთმევენ. ამ მხრივ "დელაკასა" შეუდარებელია, რადგან ის ნებისმიერი სახის კერძთან კარგია. რომში ლუდის ბარებიც მრავლადაა, მაგრამ ღვინოსთან შედარებით, იტალიურ ლუდს ნაკლები მომხმარებელი ჰყავს.

იტალიელები 100–მდე სახეობის ყავას შემოგთავაზებენ, თუმცა, პირველ რიგში, ნორმალეს ან ესპრესოს მოგართმევენ, რადგან ფიქრობენ, რომ იტალიელები ამ ორს ყველასაგან განსხვავებულად და გემრიელად ამზადებენ.




ფული

2002 წლიდან ევრო იტალიის ოფიციალური ვალუტაა. მანამდე მიმოქცევაში იტალიური ლირა იყო. დოლარს ან სხვა ფულს, როგორც წესი, ბანკებში ბევრად უფრო მაღალი კურსით გადაგიხურდავებენ, ვიდრე ქუჩაში. ბანკომატები ქალაქის ყველა კუთხეშია და პრობლემა ნამდვილად არ შეგექმნებათ. რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, მათ გამოყენებას ყველგან შეძლებთ…..


No comments:

Post a Comment